ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:58
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » აგვისტო » 29 » MAP-ატიე, ნატო…
MAP-ატიე, ნატო…
13:39
“საქართველომ და უკრაინამ MAP-ი, შესაძლოა, დეკემბრამდე მიიღონ”, - ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა კიევში ვიზიტის დროს გააკეთა.

დასავლეთში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია დაჩქარებული ტემპით მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი იმ შეცდომის გამოსწორებას ეცდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დროს დაუშვა.

მაშინ ოფიციალურ თბილისსა და კიევს MAP-ის მინიჭებაზე უარი ეთქვა. თუმცა, კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ნატო-ს წევრები.

დღეს ბევრი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიას გადაურჩებოდა, თუკი მას MAP-ი ექნებოდა. რუსეთის სახელისუფლო ელიტა აღარ ერიდება, თქვას, რომ ომის მთავარი მისია სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალების მოყვანა იყო.

ამით კი შეჩერდებოდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. თუმცა, კრემლის გეგმამ ვერ იმუშავა და პირიქით, საქართველოს ნატოში შესვლისთვის კიდევ უფრო მეტი შანსი მისცა.

ნატო-ში დაჩქარებული ტემპებით
შესაძლოა, ევროპამ საკუთარი შეცდომის გამოსწორება დროულად დაიწყოს. ყველა დარწმუნებულია, რომ დეკემბრის მინისტერიალზე საქართველო უკრაინასთან ერთად MAP-ს მიიღებს. თუმცა, უკვე არც იმას გამორიცხავენ, რომ რიგგარეშე მინისტერიალი დაინიშნოს და ამ ქვეყნებმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოსალოდნელზე ადრე მიიღონ.

ექსპერტთა აზრით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტს, ამით კიდევ უფრო დაჩქარდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმაც პირდაპირი მინიშნება გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: “უკვე მივმართე კიდეც ყველა იმ ლიდერს, ვისაც ეს ეხება, მოხდეს საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში და ევროპის კავშირთან, რათა არ განმეორდეს წარსული შეცდომები. ჩვენ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი ვართ და დემოკრატიულმა სამყარომ ბოლომდე უნდა ჩაიხუტოს საქართველო და მისი საზოგადოებრიობა. ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული სიგნალები ამ მიმართულებით”.

საგულისხმოა ისიც, რომ გარკვეულ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ალიანსმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველომ ნატოს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს, ან შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია.

როგორც წესი, ქვეყანას MAP-ის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ორი წელი ეძლევა. თუმცა, თუკი სტანდარტები და მოთხოვნები არ არის შესრულებელი, ვადები გრძელდება, როგორც ეს თავის დროზე მაკედონიის, ალბანეთისა და ხორვატიის შემთხვევაში მოხდა.

ცხადია, საქართველოს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიადგა, რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს სამხედრო ბაზები, გაიტანეს ტექნიკა, თუმცა ეს არ შეუშლის ქვეყანას ხელს იმისათვის, რომ MAP-ი მიიღოს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ალიანსმა არსებული ვითარების გამო არ არის გამორიცხული, დანერგილ სტანდარტებზე უარი თქვას და პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს საქართველო და უკრაინა ნატო-ში.

ნატოს საინფორმაცია ცენტრის ყოფილი დირექტორი, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს: “არ არის გამორიცხული, საქართველოს ალიანსში მიღება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე მოხდეს. დღეს ექსტრემალური ვითარებაა შექმნილი, ამიტომ ასეთ დროს შეიძლება ყველაფერი მოხდეს”.

გოგი გაჩეჩილაძე, პოლიტოლოგი: “ახლა ნატოს მიერ მიღებული უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობს. რაც მთავარია, ერთი მხრივ, სახეზეა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მზადყოფნა გახდეს ალიანსის წევრი და მეორე მხრივ, რუსეთის ქმედების გამო მსოფლიოში სიტუაცია ისეთი, რომელიც ნატოს აიძულებს გადადგას ასეთი ნაბიჯი. ალიანსი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, თუ ფორმალურ კანონებს დაიცავს, ჯერ რთული სათქმელია”.

ზურაბ აბაშიძე, ექსპერტი: “რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდი ცვლილებები შეიტანა მსოფლიო წესრიგში. ამ პროცესს უკვე უწოდეს “ცივი ომი 2”. კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია, ეს კონფლიქტი რაღაც ეტაპზე გარკვეული შედეგით დასრულდება, ამის შემდეგ კი აუცილებლად გახდება კითხვა, რას ვუშვრებით ამ ქვეყანას, რომელიც მეზობელმა ასეთი დღეთ დღეში ჩააგდო. მით უფრო, რომ შეიძლება ხვალ იგივე დაემართოს. საქართველოს უსაფრთხოების საკითხი არის ცენტრალური თემა. ამიტომ შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. თუმცა, ამისათვის ჩვენი მხრიდან საჭიროა, ძალიან სერიოზული გონიერება, თანმიმდევრულობა და დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაცია”.

ნატოში აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი შევალთ
ნატოს წევრობა არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ მისი ტერიტორიული მთლიანობისთვისაც გარკვეულ დაცვას წარმოადგენს. საქართველო ნატოს წევრი გახდება გაერო-ს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ანუ, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ჩათვლით. ეს კი ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს.

მართალია, ნატოს წევრობა პირდაპირ არ ნიშნავს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს უსაფრთხოება მისცემს ქვეყანას შანსს, ნელ-ნელა ეტაპობრივად მოხდეს ამ კონფლიქტური რეგიონების შემოერთება. ეს კი უკვე თავად საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, ამ ეტაპზე ნატოს წინაშე რთული ამოცანა დგას. რუსეთმა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა და უკვე საუბარია, რომ ამ რეგიონებში რუსეთის რეგულარული ჯარები ჩადგებიან. ეს ნატოსთვის ძალიან სერიოზული თავსატეხი იქნება. ახლა სწორედ ამ საკითხის გადაჭრა იქნება ალიანსისთვის ნომერ პირველი რიგის ამოცანა.

თუმცა, ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს პრობლემა ნატო-ში ღიად არ იქნება გაჟღერებული, რათა რუსეთმა სათავისოდ არ გამოიყენოს. საგულისხმოა, რომ ნატო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების არსებობა არ წარმოადგენდა ქვეყნისთვის პრობლემას ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მედვედევის მიერ სეპარატისტების აღიარება ვერ შეაფერხებს საქართველოს ნატოში მიღების პროცესს, თუმცა, ალიანსს ეს ფაქტი გარკვეულ საზრუნავს გაუჩენს.

- “საქართველოს ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე გაწევრიანებისთვის არსებობს ერთი დაბრკოლება, ალიანსის წევრი საქართველო გახდება იმ ტერიტორიით, რომელ საზღვრებშიც გაეროს მიერ არის ცნობილი. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რუსეთმა თავისი ტორი დაადო და ცნო მათი დამოუკიდებლობა, დასავლეთისთვის ახლა მნიშვნლოვანია, რომ რუსეთს ამაზე უარი რომ ათქმევინოს. ამასთან, რუსეთს უნდა გააყვანინონ ეს ჯარი, ყოველივე ამას კი დასჭირდება გარკვეული დრო და პროცედურები. ევროპა, ამერიკა და ნატო შეეცდებიან, რომ ყველაფერი ომის გარეშე იქნას გადაწყვეტილი. თუმცა, ნატო საქართველოს მისცემს MAP-ს და ეს დაეხმარება ალიანსს, რომ საქართველოს გამო, როგორც ნახევრადგაწევრიანებულ სახელმწიფოზე, მორალური და სამართლებრივი პრეტენზიები წაუყენოს რუსეთს”, - აღნიშნავს გოგი გაჩეჩილაძე.

თორნიკე შარაშენიძე: “არ მესმის, ამ სიტუაციაში, როცა რუსეთი არ ცნობს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” ჩვენს ნაწილად, ნატო-მ რა უნდა მოიმოქმედოს. ეს ნატოში ჯერჯერობით მოსაფიქრებელია, რადგან მისი წევრი იმ საზღვრებში ვიქნებით, რაც გაერო-ს მიერ არის აღიარებული. ჯერ საჭიროა, რუსეთმა ომი წააგოს და ასეც მოხდება. მას უნდა აღიარებინონ, რომ ეს არის საქართველოს ნაწილი და მერე უკვე არაფერი იქნება პრობლემა. მანამდე ჩვენ შეიძლება ნატოსგან მივიღოთ სხვა სახის სამხედრო დახმარება”.

- “ნატოს გაფართოება დღევანდელ დღემდე რაღაც კლასიკური გზით მიმდინარეობდა, MAP-ში ჩამოწერილი იყო ის ვალდებულებები, ალიანსის წევრობის მსურველმა ქვეყანამ რაც უნდა გააკეთოს. მათ შორის იყო მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობები, არსებული კონფლიქტების მოგვარება და სხვა. ის, რომ ჩვენ ბუქარესტის სამიტზე MAP-ი არ მოგვცეს, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოუგვარებლობა იყო ერთ-ერთი მიზეზი. ახლა ვითარება შეიცვალა და მსოფლიოში ახალი სიტუაციაა, დასავლეთშიც გადახედავენ MAP-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და რაღაც დასკვნებს გამოიტანენ”, - მიაჩნია ზურაბ აბაშიძეს.

დღეს მსოფლიო წესრიგი შეცვლილია, რუსეთის ქმედებებმა ლოგიკური მოქმედებების ჯაჭვი დაარღვია და ამიტომ ნატო-საც ახალი პრიორიტეტები აქვს. ასე რომ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება.

Просмотров: 923 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz