ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ რა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ ბერკეტებს აამოქმედებს, საქართველოს მიმართ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსი” ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
ქართული პოლიტიკური წრეები დიდ იმედებს ამყარებენ 1-ელი სექტემბრისათვის დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე, მოსკოვისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტები ამოქმედდება. თქვენი აზრით, რა სახის ეკონომიკურ და ფინანსურ ბერკეტებზე შეიძლება იყოს საუბარი და აღმოჩნდება კი ეს საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს საქართველოს საკითხში ანგარიში გაუწიოს ცივილიზებულ სამყაროს? - პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის გამოსვლამ ევროპარლამენტის კომისიაზე, ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა და ”სოციალისტებმა” და ”მწვანეებმა” საერთოდ დაბლოკეს საკითხი და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მოქმედებას ევროპარლამენტი საერთოდ არ განიხილავს. მთავარ მიზეზად ევროპარლამენტარებმა მათთვის ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია დაასახელეს.
ვფიქრობ, მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირი რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, გადაჭარბებულია. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, თავის პოლიტიკურ ბერკეტებს აამოქმედებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე რაღაცეებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ევროკავშირის რეაქცია რუსეთის მიმართ, შესაძლოა, მთლად ისეთი ადეკვატური არ იყოს, როგორიც ჩვენი მოლოდინია.
საქმე ის არის, რომ დასავლეთში 8 აგვისტოს შემდეგ განვითარებული მოვლენების გააზრება ხდება. მართლაც, ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი მოხდა. ფაქტიურად, მსოფლიოში ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და ამას შესაბამისი გააზრება სჭირდება. ჩვენ რატომღაც ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ რუსეთს, როგორც ქვეყანას, დასჯიან.
ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სამართალი დაარღვია ყოველთვის იქნება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლის ობიექტი. ძალიან ძნელი მოსასმენია, მაგრამ ჩვენ დღეს ობიექტურობა გვჭირდება და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი დიდი ხანია ინტეგრირებულია საერთაშორისო ინსტიტუტებში. ეს არ არის საბჭოთა კავშირი. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი დღეს ევროკავშირს ან აშშ-ს ომს არ დაუწყებს. დანარჩენი არის მცდელობები, რომელიც ჩვენი მხრიდან ემოციით არის გადაფარული. სამწუხაროდ, ჩვენ პრესაში და სატელევიზიო ეთერშიც მომხდარის გააზრება კი არ ხდება, არამედ ხდება ემოციებზე აყოლა და ჩვენ გვაქვს გადამეტებული მოლოდინები.
დასავლეთი შეეცდება რუსეთის განეიტრალებას, განსაკუთრებით მკაცრად შეფასდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტები, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდეთ ევროპული და მსოფლიო სტრუქტურებიდან რუსეთის იზოლაციას და რაიმე დამსჯელი ღონისძიებების განხორციელებას.
რუსი ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაცემაზე შეზღუდვებს დაუწესებს, არ გამორიცხავენ დასავლეთის ბანკებში რუსული ანგარიშების წარმოშობის შესწავლას? - თქვენ ნახავთ, რომ დასავლეთის რეაქცია იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს, მკაცრი, მაგრამ ეს არ იქნება რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდების დაწვის და ისეთი დაწვრილმანებული ქმედებებით გამყარებული, რომელზეც ქართულ პრესაში ბევრს საუბრობენ. რუსეთის იზოლირებას თავად დასავლეთი არ დაუშვებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმაც განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, მაგრამ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებში რუსეთის საფონდო ბირჟის საერთო კაპიტალიზაცია 400 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა, რუსეთიდან 17 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გავიდა, თუ ადრე კაპიტალიზაციის მაჩვენებლით რუსული ”გაზპრომი” მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო, მან ახლა მე-7-ზე გადაინაცვლა, ანუ რუსეთზე ეკონომიკური ზემოქმედების ნიშნები რომ სახეზეა, ესც ფაქტია. . . - ის, რაც თქვენ ბრძანეთ მართლაც საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი კაპიტალისტური ქვყანაა, დასავლეთმა ეს შესანიშნავალ იცის. კაპიტალიზაციის ვარდნა საბაზრო მოთამაშეების მხრიდან სწორედ იმ მოვლენებზე რეაქციაა, რაც მოხდა.
”გაზპრომის” კაპიტალიზაციის ვარდნა და ის, რომ მისმა საბაზრო ფასმა სოლიდური პროცენტით მოიკლო, ეს იყო მომხდარზე ბაზრის ბუნებრივი რეაქცია. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ რუსეთის კაპიტალზე ფასის კლება რომელიმე სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია, არამედ ეს იყო რუსეთის ხელისუფლებაზე ბაზრის რეაქცია. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ თუ რუსეთი გადაუხვევს თანამედროვე მსოფლიოში არსებული წესებიდან, იგი ადრე თუ გვიან უნდა ჩამოსცილდეს ცივილიზებულ სამყაროს და რაღაც ჩაკეტილ ეკონომიკას უნდა დაადგეს, რაც უახლოეს რამოდენიმე ათწლეულში მოსალოდნელი ნამდვილად არ არის.
ჩვენ უფრო საღი თვალით გვჭირდება რეალობების დანახვა. ის, რომ ევროკავშირი და აშშ რუსეთზე ზემოქმედებას განახორციელებს უდავოა, მაგრამ ეს მოხდება მსოფლიოში პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
იმ დიდი გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას, მისი ერთი, ძალიან დიდი, კარგად ინტეგრირებული ნაწილის რუსეთისგან იზოლირება ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის ისევ ამ ცივილიზებულ სამყაროს. უმჯობესი იქნება შეკავების მექანიზმების ამოქმედება, მოხდეს პოლიტიკური ბერკეტებით, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან ზემოქმედება. სწორედ ესეთი მექანიზმების შექმნაში ხედავს დღეს გამოსავალს დღევანდელი მსოფლიო პრესა. ყველა თანხმდება იმაში, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა დასალაგებელია.
ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ შეფასებები იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ მეორე მხრივ, იქნება მცდელობები იმისა, რომ რუსეთი არ მოწყდეს ცივილიზებულ ინსტიტუტებს და იზოლაციაში არ წავიდეს. დასავლეთშიც კარგად გრძნობენ, რომ რუსეთის იზოლაცია დასავლეთისთვის სასიკეთო არ იქნება.
მედვედევის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი მზად არის ”ცივი ომისთვის”, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი არც ზნის შეცვლას აპირებს და არც ხასიათისას და არც იმ პოზიციებისას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გადადგა. - რას გააკეთებს რუსეთი, ეს რუსეთის საქმეა. ჩვენთვის მთავარია პრინციპულად გააზრება იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ ადგილზე და იმ გარემოში, რომელიც ჩვენგან მოითხოვს, ჩვენივე არჩეული კურსის ფარგლებში, მეზობლებთან დაბალანსებული და მოზომილი ურთიერთობის წარმოებას.
ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან, ჩვენ კარგად ვხედავთ თუ როგორ უჭირდათ ქართველ მეფეებს, რომლებიც ლავირებდნენ მსოფლიოს უზარმაზარ იმპერიებს შორის. ჩვენ როგორღაც უნდა ვისწავლოთ მეზობლებთან არა თვალთმაქცობა, არამედ ურთიერთობის სწორ პრინციპებზე აგება, რომელიც საქართველოსთვის გარკვეულად დამცავი მექანიზმი იქნება.
|