- ”ვინ არის ბორისოვის მძღოლი, შე ნაბიჭვარო შენ, გაჩვენებ მე შენ... შენი დუხი არა ვნახო ამ შენობაში... იცოდე ამას არ გაპატიებ! დროზე გაათრიეთ აქედან და არა გნახოთ როდისმე შემოუშვათ ეს აქ. დროზე დაახვიე აქედან! წადი ეხლა და დაწერე ყველაფერი რაც გითხარი!”
ასეთი სიტყვებით, 29 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა დევნილების, ლტოლვილების და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების თვალწინ მიაყენა შეურაცყოფა ადგილობრივ ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს.
იმავდროულად ჩინჩილაკაშვილმა ბრძანება გასცა ”საბა წიწიკაშვილის დუხი არ ვნახო” ამ შენობაშიო. ბრძანებასთან ერთად ბილწ სიტყვაობდა და ჟურნალისტი გვარიანად გალანძღა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კომბინატის დასახლებაში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი და ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებით დაინტერესდა, მაგალითად დაბომბვიდან ორი კვირის შემდეგ ჰქონდათ თუ არა საცხოვრებელი პირობები დაზარალებულებს.
ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ თბილისიდან დაბრუნებული უსახლკარო გორელები ღია ცის ქვეშ ბედის ანაბარად ისხდნენ. ორი მათგანი უჩა ნანუაშვილმა და საბა წიწიკაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის შენობაში წაიყვანა, რათა იმ კომპეტენტურ პირებს დალაპარაკებოდნენ, რომლებსაც უშუალოდ დევნილების პრობლემების მოგვარება ევალებათ.
სამხარეო ადმინისტრაციის ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა. სააქტო დარბაზში ადგილობრივ ხელისუფლებას ადგილობრივი ბიზნესმენების 100 კაციანი ჯგუფი იკრიბებოდა. ვიდრე დარბაზში შეხვედრა დაიწყებოდა, გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი შეგვხდა მათ, რომელსაც უთრეს, რომ უსახლკარო დევნილები უსახლკაროდვე რჩებიან.
საბა წიწიკაშვილი: ”გუბერნატორ ვარძელაშვილის მოადგილეს ზურაბ ჩინჩილაკაშვილს, როგორც შევატყვე, თავიდანვე არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, მით უმეტეს დევნილებით რომ მივადექით. ორივე ქალბატონს ყვირილი დაუწყო იმის გამო, რომ ვინმე ზურაბ ჩხეიძე რატომ არ ნახეთო. თქვენ იცით რა დღეში ვარო, ხეობიდან ჩამოსული ხალხი მყავს დასასახლებელი, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ დაღუპულიო"... ყვიროდა ფოიეში ჩინჩილაკაშვილი.
უსახლკაროდ დარჩენილ ქალბატონები დაბნეულობისგან ხმა ვეღარ ამოიღეს არ მოელოდნენ ასეთ საუბარს. თუმცა ბოლო სიტყვებმა ია ზაქაშვილს ვეღარ მოათმენინა და ტირილით აქეთ შეუტია გუბერნატორის მოადგილეს...
- ”ვის უყვირიხარ შენ? ნანგრევებში რძალი და დედამთილია ჩემი ჩამარხული. არც სახლი მაქვს, არც კარი და არც არაფერი მაქვს დარჩენილი. ჯერ შეისწავლე მდგომარეობა და მერე ისე გველაპარაკე”, - ცხარობდა ია ზაქაშვილი.
ამის შემდეგ ჩინჩილაკაშვილმა მოგვაძახა: ნახეთ ზურაბ ჩხეიძე (გორის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი) და ის გამოგიძებნით ადგილს. ამ სიტყვების შემდეგ ჩინჩილაკაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გაემართა და თუმცა სააქტო დარბაზის კატებთან მისული უკან მოტრიალდა და უჩა ნანუაშვილისკენ გაემართა:
- უკაცრავად თქვენ ვინ ხართ? - ჰკითხა ჩინჩილაკაშვილმა უჩა ნანუაშვილს, რაზეც მიიღო სწორი პასუხი. ”ჰოდა, თქვენს ორგანიზაციასთან მე ცალკე მაქვს პრეტენზიები და სალაპარაკო”, - დაამატა ჩინჩილაკაშვილმა. ამ სიტყვების შემდეგ გუბერნატორის მოადგილემ ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი გვერდზე გაიხმო და მიუგო:
- იცი რა უთხარი შენს უფროსს? სად იყო ძმაო რუსები რომ გორში შემოვიდნენ? მაშინ გვჭირდებოდა დახმარება!" - თქვა ჩინჩილაკაშვილმა.
- მიდი და პირადად უთხარი ეს ყველაფერი, - მიუგო წიწიკაშვილმა.
მართლაც, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი უჩა ნანუაშვილთან მივიდა და ”ადამიანის უფლებათა ცენტრის" საქმიანობასთან დაკავშირებით საქმეების გარჩევა დაუწყო.
- ”მე თქვენს ორგანიზაციასთან სერიოზული პრეტენზიები მაქვს. თქვენ ყოველთვის ცუდს ეძებთ და იცოდეთ, თქვენს განცხადებებზე პასუხს აგებთ. დამელოდეთ და თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ ყველა სტატიას ამოგიყრით. ვინა ხართ თქვენ? სად იყავით რუსი რომ შემოვიდა გორში? მაშინ მოსულიყავით და გვერდში დაგვდგომოდით...!” - ყვიროდა ჩინჩილაკაშვილი.
საბა წიწიკაშვილი: ”ჩინჩილაკაშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიზო მჭედლიძემ რამდენიმე დღის წინ გამლანძღეს - ბიჭო რეებს წერო. ჩემი სტატიები მას დიდი ხანია გულზე ხვდება. იმ სიტყვებზე, როცა გვეუბნებოდა, სად იყავით დამალულები, რუსები რომ ქალაქში იყვნენო, მივუგე: ”რა ვქნა ძმაო, მეც რომ ბორისოვის მძღოლი ვყოფილიყავი, პრობლემები არ შემექმნებოდა ქალაქში მეთქი..."
სწორედ ამ სიტყვებმა იმოქმედა ყველაზე მეტად ჩინჩილაკაშვილზე და ატეხა ლანძღვა.
საბა წიწიკაშვილი: ”რამდენიმე ხნის წინ დავწერე სტატია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 10 დღიანი ბლოკადის დღეებში ქალაქ გორში. გორელები აცხადებდნენ, რომ ქალაქი პირველები მაღალჩინოსნებმა დატოვეს და გაიქცნენ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ქალაქ გორში შემოსული გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი ტელეკამერების წინ აცხადებდა, ”ქალაქში მშვიდობიანად შემოვედი და ვერც ერთი ხელისუფალი ვნახე, დავლაპარაკებოდიო”. ამის შემდეგ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუბერნატორს და მის მოადგილეს დიდი ხანი ვერ პოულობდნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში, ამიტომ შიდა ქართლის სამხრეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე მაისურაძე დანიშნეს. მაისურაძის დანიშვნის შემდეგ იძულებულები გახდნენ გუბერნატორი ვარძელაშვილი თავისი მოადგილეებით გამოჩენილიყო. რუსთავი 2-ის ეთერში კარგად ჩანდა ერთი დილით გორიდან გამოსული ვიაჩესლავ ბორისოვი შავ ჯიპში რომ იჯდა. იმ ჯიპს ზურაბ ჩინჩილაკაშვილი მართავდა. ეს სცენა დღესაც მოიძებნება ტელევიზიის არქივებში და კარგად ჩანს, თუ ვინ იყო მართლაც ბორისოვის მძღოლი”.
რაც შეეხება ლტოლვილებს, როგორც იქნა ნანატრი ზურაბ ჩხეიძე გამოჩნდა და ლტოლვილები მე-5 საბავშვო ბაღში გაგზავნა. იქ მისულ უსახლკაროებს ცარიელი ადგილი აღარ დახვდათ. ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლებიდან წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ გამოჩენილიყვნენ და სიტუაცია მოეგვარებინათ.
ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კოკოითის სეპარატისტული მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ვაჟა ხაჭაპურიძის სიძეა. ის წლების განმავლობაში ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობდა, ხოლო ბოლო ხანებში თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურში მუშაობდა.
ჟურნალისტი სახალხო დამცველის სახელზე საჩივარს დაწერს, რითაც გუბერნატორის მოადგილის პასუხისმგებლოს საკითხის დაყენებას მოითხოვს.
|