Главная » 2008»აგვისტო»31 » ხვალ "ცოცხალი ჯაჭვი" ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიმართება
ხვალ "ცოცხალი ჯაჭვი" ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიმართება
11:19
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მისცა კურთხევა, 1 სექტემბერს მთელს მსოფლიოსთან ერთად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა არა მარტო ხვალ, არამედ მთელი ამ დღეების განმავლობაში წარმოთქვან საუფლო ლოცვა "მამაო ჩვენო" და ლოცვა ღვთისმშობლისადმი "მოწყალებისა კარი განგვიღე". "დიდ განსაცდელს ყოველთვის მოსდევს ღვთის წყალობა და ძირძველი საქართველოს ტერიტორიები ისევ საქართველოს დაუბრუნდება. მინდა შეგახსენოთ წმიდა მამათა ცხოვრების წესი - როდესაც მამები ხედავდნენ, რომ მათზე განსაცდელი არ იყო, ტირილით შესთხოვდნენ უფალს – ნუ დაგვივიწყე უფალო, მოგვივლინე განსაცდელიო. ასე რომ, ეს განსაცდელიც ჩვენივე ცოდვებისთვის არის. კარგად ჩავიხედოთ თითოეულმა ჩვენს სულსა და გულში და მივხვდებით, რომ ჩვენი ქცევაც არ იყო ყოველთვის სწორი, მაგრამ განსაცდელი ღვთისაგან ბოძებულია და იგი სიხარულით შეიცვლება", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა. როგორც ცნობილია, ხვალ მთელი საქართველო, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ "ცოცხალ ჯაჭვში" ჩადგება და რუსეთს კიდევ ერთხელ ეტყვის - "საქართველო ჩვენია!"