ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მომდევნო 12 თვის განმავლობაში 300–350 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტის გამოყოფას ჰპირდება.
პრემიერ-მინისტრმა გურგენიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილმა კრედიტმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ახალი კრედიტი მოხმარდება გზების მშენებლობასა და მუნიციპალური სამუშაოების გაგრძელებას.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა ევრობის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკამც, რომელმაც ”მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინფრასტრუქტურის პოროექტების დაფინანსებაში”. კერძოდ, დააფინანსა რკინიგზის, საზღვაო პორტების, აეროპორტისა და საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაში.
- “მუნიციპალურ სფეროში გასაკეთებელი ბევრი იყო, ხოლო რუსეთთან საომარი მდგომარეობის გამო გასაკეთებელი ახლა კიდევ უფრო მეტია. საქართველო დღესაც ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს კავკასიის რეგიონში სატრანზიტო ფუნქციას”, - აცხადებს ვლადიმერ გურგენიძე.
რუსეთის სამხედრო დაბომბვების შემდეგ დღეს ფოთის პორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და როგორც ეკონომიკური განვითარების დარგში სახელმწიფო მინისტრი ეკატერინე შარაშენიძე ირწმუნება, ფოთის პორტში დღეს 15 გემი შემოვიდა. ამათგან ორი სრულად გადმოიტვირთა.
მისივე ინფორმაციით, ოპერირებს ბათუმის პორტი და ყულევის ნავსადგურიც, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო სარკინიგზო მიმოსვლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვების შედეგად დაზიანებული სარადარო სისტემა სათადარიგო სისტემით არის ჩანაცვლებული. ამ დროისათვის დედაქალაქის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები შეუფერხებლად ხორციელდება.
|