საქართველოში დემოკრატიული პროცესები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ხავიერ სოლანამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის განლაგებაზეც ისაუბრეს.
''მადლობელი ვართ ევროპელი კოლეგების იმისათვის, რომ განალაგებენ ევროკავშირის მისიას, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მისია განლაგდეს არა ე.წ. ბუფერულ ზონებში, არამედ უშუალოდ კონფლიქტურ ტერიტორიებზე,'' - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
ხავიერ სოლანასთან ოპოზიციის შეხვედრას არ დასწრებია ''საქართველოს გზის'' ლიდერი. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენელს ცალკე ესაუბრა. ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ხელისუფლების სატელიტურ ოპოზიციასთან ერთად შეხვედრებს აღარ დაესწრება.
|