შინაგან საქმეთა სამინისტრო “ადამიანის უფლებათა ცენტრს” რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მასალების დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვს.
როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, დაზარალებულთა დაბინავებისა და მათთვის გამოყოფილი დახმარების მიზნობრიობის კონტროლი პრეზიდენტმა უშუალოდ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა, ამ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამინისტრო მზად, არის ფაქტობრივი მასალის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი მასალები არ მიუღია.
თავის მხრივ, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომელმაც კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის დახმარების პროგრამის მონიტორინგი განახორციელა, აცხადებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ ბიზნესმენებისათვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისათვის გამორთმეული ათიათასობით ლარი არამიზნობრივად არის დახარჯული, თანხის დიდი ნაწილის ხარჯვის შესახებ კი ინფორმაცია ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.
როგორც “პირველს” ცენტრში განუცხადეს, მონიტორინგი რამდენიმე დღეში დასრულდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ წარედგინება.
|