თემურ იაკობაშვილი: «საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობაა» .
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის განცხადებით, «საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობაა».
ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დღეს გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე შეეცადა, გერმანიის პარლამენტის წევრებისთვის აეხსნა, რატომ არის საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება აუცილებელი და რატომ უნდა დაჩქარდეს ნატო-ს სამოქმედო გეგმაზე გადასვლის პროცესი.
«საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელობანია. საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. თუმცა დღეს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საბედნიეროდ, მათგან ნათელი პოზიცია დავინახეთ. მათ განაცხადეს, რომ შეეცდებიან, დაარწმუნონ კოლეგები, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია», - განაცხადა იაკობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, რომელიც რეინტეგრაციის სამინისტროში გაიმართა, საქართველოში გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორიც ესწრებოდა.
|