დღეიდან საქართველოს ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლები განლაგდებიან.
ქართველი მოსახლეობის მშვიდობაზე ევროპელები იზრუნებენ. დღეიდან რუსეთის აგრესიის თავიდან არიდებას 22 ქვეყნის 200-მდე დამკვირვებელი შეეცდება.
მისიის ხელმძღვანელია ჰანს იორგ ჰაბერი. პატრულირების განსახორციელებლად პირველი ჯგუფი უკვე გაემგზავრა გორში. მომდევნო კი ზუგდიდი იქნება.
ევროკავშირის დამკვირვებლებმა მუშაობა დღეს დაიწყეს და 10 დღის ვადაში მათი განლაგება უსაფრთხოების ზონებში უნდა დამთავრდეს. დამკვირვებლები კონფლიქტის ზონებს გარეთ განთავსდებიან.
თუ კონკრეტულად სად განთავსდებიან დამკვირვებელები ამ დრომდე არაა ცნობილი. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ახალგორის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე. დე ფაქტო ლიდერის თქმით , ახალგორი ცხინვალის ტერიტორიაა და მის უსაფრთხოებაზე თავად იზრუნებენ.
დამკვირვებლების მუშაობის დაწყებას უკავშირდება საქართველოში ხავიერ სოლანას ვიზიტი. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში თბილისს გუშინ ეწვია.
ევროკავშირის კომისარმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ მინისტრ ლადო გურგენიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან და უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიასთან.
ხავიერ სოლანამ თავად შეამოწმა დამკვირვებელების უსაფრთხოება. მოგვიანებით ევროკავშირის კომისარი გორში ჩავიდა და რუსული აგრესიის შედეგები თავად დაათვალიერა, რის შემდეგაც დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
დღის ბოლოს ხავიერ სოლანა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 ოქტომბრამდე უნდა აღდგეს სტატუს- კვო, რუსი სამხედროები უნდა დაუბრუნდნენ 6 აგვისტოს მდგომარეობას. მომდევნო ნაბიჯი კი დევნილების დაბრუნება უნდა იყოს. ”შემდეგი ნაბიჯი იქნება დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში, პროცესის ინტერნაციონალიზაცია და საქართველოს დეოკუპაცია,” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა . მისი თქმით, ცხინვალის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს ცივილიზებულად. ”ჩვენ არ ვართ მზად რომ ვივაჭროთ, ჩვენ არ დავუშვებთ, ახალი ბერლინის კედლის აშენებას,” -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ევროკავშირის კომისარმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ რუსებმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანონ ჯარები. ”იმედია,10 ოქტომბრისთვის რუსული ძალები გავლენ, ესაა ვალდებულების პირველი ნაწილი, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ დავიწყებთ ხვალ და დაველოდებით 10 ოქტომბერს,” -განაცხადა სოლანამ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროკომისარს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის განთავსდებიან, ევროკავშირის დამკვირვებლები კონფლიქტის ზონებში.
კონფერენციის შემდეგ ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მოლაპარაკებას ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ”რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვილი და ”დემოკრატიული ფონდის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”გაერთიანებულმა ოპოზიციამ” შეხვედრეზე უარი განაცხადეს. ”საქართველოს გზის” ლიდერმა კი ხავიერ სოლანასთან ცალკე მოინდომა შეხვედრა. გავრცელებული ინფორმაციით, სოლანა სალომე ზურაბიშვილს მომდევნო კვირას ბრიუსელში შეხვდება.
|