დანგრეული და გადამწვარი სახლები. ტანკების მუხლუხებისგან გადათხრილი და გუბეებჩამდგარი გზები. მოოხრებული ბაღ-ვენახები. გაუკაცრიელებული ეზოები... დაახლოებით, ასეთია დღეს, ერთ დროს, ლამაზი და მოსავლიანი ლიახვისა და ფრონის ხეობები.
სამაჩაბლოში ახლა მხოლოდ სიკვდილის შიშის დამძლევი მოხუცები არიან დარჩენილები, რომლებიც დანგრევას სასწაულით გადარჩენილ სახლებში იმალებიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გმირი მოხუცები სოფლების დატოვებას მაინც არ აპირებენ.
ამჟამად, ორივე ლიახვისა და ფრონის ხეობებში შვიდი რუსული საგუშაგოა გახსნილი. ამ საგუშაგოებზე მდგარი რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს არწმუნებენ, რომ სწორედ მათ უსაფრთხოებას იცავენ, თუმცა - ვისგან, ამ კითხვაზე პასუხი მათ არა აქვთ.
დასავლეთ ფრონის ხეობის სოფლებიდან ქართული მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ გამოსულა. ადგილობრივები რუსეთის მიერ დათქმულ ვადამდე – 10 ოქტომბრამდე დღეებს ითვლიან. მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარ სოფლებში მშვიდად ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალება მიეცემათ. ფრონის ხეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცები, თავიდან, შედარებით მშვიდად იქცეოდნენ და ხალხს იშვიათად აწუხებდნენ. როგორც ფრონის ხეობელებმა ”ვერსიას” აცნობეს, ბოლო დროს, რუსებს საკვები შემოელიათ, ან შეიძლება, სამხედრო ”პაიოკი” მოსწყინდათ და საქონლის მოპარვას მიჰყვეს ხელი.
თამარ ბეროშვილი, ფრონის ხეობის მკვიდრი: ”დღე ისე არ გავა, ქართულ სოფლებში საქონელი არ დაიკარგოს. იმის გამო, რომ მინდვრებში რუსული ნაღმებია, ზოგ სოფელს ნახირი აღარ დაუდის და ყველა თავის საქონელს მწყემსავს. საკმარისია, ცოტა ხნით ყურადღება მოადუნო, რომ ხან ცხვარი იკარგება და ხან ძროხა. ადრე საქონელი რომ გაგეშვა საძოვარზე, თავისით მიდიოდა და მოდიოდა. ჩვენი ხეობის ბიჭების შიშით, არავინ იყო ხელის დამკარებელი. ახლა კი, ქართული პოლიცია აქ ვეღარ შემოდის და რუსები რასაც უნდათ, იმას აკეთებენ.
სამი დღის წინ, ორი დიდი მოზვერი ტკოცელებმა დაკარგეს და რუსებთან მივიდნენ - საქონელი მოგვაძებნინეთო. რუსებიც დასხდნენ მანქანებზე და დაიწყეს აქეთ-იქით სირბილი, ვითომ, რამეს აკეთებდნენ... საქონელი მაგათი შეჭმული იყო და რას მოძებნიდნენ?!”
ცნობისათვის, ფრონეს ხეობის სოფელი ტკოცა კონფლიქტის ზონაში არასოდეს შედიოდა.
გაპარტახებული სოფლები ომის დროს, ზნაურის რაიონის ორ ქართულ სოფელში – ავლევსა და ნულში მრავალი საშინელება მოხდა. ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ, ქართველი ჯარისკაცების მოწოდების მიუხედავად, საკუთარი სახლების მიტოვებაზე უარი განაცხადა და კოკოითის ბანდებისა და რუსი ოკუპანტების იოლ სამიზნედ იქცა. ეს ორი სოფელი, პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვსა და დიდი ლიახვის ზემო წელის სოფლებთან ერთად, სეპარატისტებს წლების მანძილზე ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა. მტრის განსაკუთრებული აგრესიაც ამიტომ დაიმსახურეს. მთლიანად მიწასთან გასწორებულ ავლევსა და ნულში 25 სექტემბერს ჩუმად შესული ქარელელი რეზო ფეშინაშვილი ნანახმა, შეიძლება ითქვას, შოკში ჩააგდო.
რევაზ ფეშინაშვილი, საწვავით მოვაჭრე: ”მე და ჩემი მოყვარე აგარის მხარეს, ქართულ სოფლებში ბენზინსა და დიზელს ვყიდით. ომის გამო, კლიენტი კი შეგვიმცირდა, მაგრამ პურის ფული მაინც გამოგვდის. ამ ხუთშაბათს, როცა სოფლებში ბენზინის გაყიდვას მოვრჩით, ერთმა ფციელმა კაცმა სახლში შეგვიპატიჟა და სათითაო დოქი ღვინოც ”ჩაგვაკვრევინა”. ჩემს მოყვარეს ნულში პატარა სახლი აქვს, ზაფხულობით ბავშვები მიჰყავდა ხოლმე დასასვენებლად. ჰოდა, აიხირა, გინდა თუ არა, ნულში უნდა წავიდეთ, ვნახოთ, რა ხდებაო.
ვიცოდი, გადასახვევთან რუსები იდგებოდნენ და სოფელში არ შეგვიშვებდნენ, მაგრამ მეც მთვრალი ვიყავი და წავყევი. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ისე მივედით ნულამდე, გზად არავინ შეგვხვედრია. რუსები, ალბათ, არც კი ელოდნენ, იქ შესვლას ვინმე თუ გაბედავდა.
ჩათვალეთ, რომ ზნაურის რაიონში ქართული სოფლები აღარ არსებობს. რაც იქ ვნახე, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. ერთი სახლიც კი ვერ ვნახეთ გადაუწვავი. რუსებს იქ ვინც დახვდა, რას უზამდნენ, ხომ გასაგებია?!”
ფცა – სოფელი ფრონის ხეობაში, სადაც ამჟამად რუსის ჯარი დგას, კონფლიქტის ზონა არასოდეს ყოფილა. რუსი ოკუპანტების მიერ ქართული სიმინდის უმად შესანსვლის ამბავი მხოლოდ საქართველომ კი არა, ლამის, მთელმა მსოფლიომ გაიგო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რუსებს უმი სიმინდისა და არაყის გარდა, ქართული ნარკოტიკული ბალახეულობაც ნამეტნავად მოსწონებიათ.
”მანაგუას” მხვრეპავი ოკუპანტების ამბავი მდინარე ფრონეს ჭალაში უხვად ნახავთ ველურ კანაფს, რომელსაც სხვაგვარად ”ტრუხა პლანადაც” მოიხსენიებენ. ამ ბალახისგან ჯიბეცარიელი ნარკომანები ”მანაგუას” ხარშავენ და ნარკოტიკული თრობის ერთგვარ ილუზიას იქმნიან. ”მანაგუად” სახელდებული ნარკოტიკული საშუალება ნიკარაგუაში (სახელიც ნიკარაგუას დედაქალაქ – მანაგუას ”პატივსაცემად” დაარქვეს), ანუ იმ ქვეყანაში შეიქმნა, რომელიც, რუსეთის გარდა, ერთადერთია, ვინც ”სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა სცნო. როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცები რუსეთის პოლიტიკური პარტნიორის დიდი დამფასებლები არიან.
ვასილ წიკლაური, ავტობუსის მძღოლი: ”გორში ავტობუსის გარეცხვაში 20 ლარს ითხოვენ, ხან კი, დღეში 20 ლარს ვერც კი ვაკეთებ. ამიტომ იძულებული ვარ, კვირაში ერთხელ მაინც მდინარესთან ჩავიდე და ავტობუსი ჩემი ხელით გავრეცხო. ამ ერთი კვირის წინ, ხაშურში ვიყავი. კლიენტები ჩავიყვანე და იქიდან რომ ვბრუნდებოდი, ვიფიქრე, აქვე, ფრონეზე გადავალ და ბარემ, მანქანასაც გავრეცხავ-მეთქი. ხიდის დაბლა, რუსულნომრიანი ”ვილისი” დამხვდა და მანქანის მოტრიალებაც გადავწყვიტე, მაგრამ მერე შემეშინდა, რუსებს შეიძლება, რამე ეეჭვათ და სროლაც დაეწყოთ. მეც მივედი, ავტობუსი წყალში ჩავაყენე და რეცხვა დავიწყე.
სამ რუს ჯარისკაცს მდინარის პირას ცეცხლი ჰქონდა დანთებული და სუნით მივხვდი, რომ ქვაბში მანაგუას ხარშავდნენ. ბავშვობაში მეც გამისინჯავს ეგ საზიზღრობა და ეგრევე მივხვდი, რაც იყო. რუსები ყურადღებას არც კი მაქცევდნენ, ერთხელ, სიგარეტი მთხოვეს და როცა ვუთხარი, არ ვეწევი-მეთქი, აღარაფერი უკითხავთ. როცა მანქანა გავრეცხე და მოვდიოდი, ”მანაგუა” უკვე მოხარშული ჰქონდათ და რაღაც ბინძურ ნაჭერში წურავდნენ. სასწრაფოდ გამოვეცალე იქაურობას, თორემ ღმერთმა იცის, რუს ჯარისკაცს კაიფში რა მოაგიჟიანდება”.
დღეს მთელი საქართველო და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შიდა ქართლი, 10 ოქტომბრის იმედით ცხოვრობს. ანუ, იმ იმედით, რომ სარკოზისა და მედვედევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსები იმ სოფლებიდან მაინც გავლენ, რომლებიც ე.წ. კონფლიქტის ზონა არასოდეს ყოფილა. მანამდე კი, ლიახვისა და ფრონეს ხეობაში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები 21-ე საუკუნის ვანდალების თავხედობებს სულგრძელად ითბენენ.
|