Главная » 2008»ოქტომბერი»1 » ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ე.წ. უსაფრთხოების ზონებში შესვლა დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მოახერხა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ე.წ. უსაფრთხოების ზონებში შესვლა დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მოახერხა
18:22
ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია დღეს კარალეთის უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე მხოლოდ ერთ საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაატარეს. საგუშაგოს ე.წ. ხელმძღვანელი ვიტალი მანუშკი აცხადებდა, რომ არ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შესაბამისი ხასიათის მემორანდუმი, რომელიც ბლოკ-საგუშაგოების გადაცემას ითვალისწინებს. მისივე თქმით, მას არც დამკვირვებელთა ”უსაფრთხოების ზონაში” შეშვების ბრძანება მიუღია.
მოგვიანებით, კარალეთის უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე გენერალ კულახმეტოვის წარმომადგენელი მივიდა, რომლის ნებართვის შემდეგაც, ვროკავშირის დამკვირვებლები კარალეთში შევიდნენ.
ახალგორის რაიონში მისიის წვერები ჯერჯერობით მხოლოდ მუხრანასა და ოძისში პატრულირებენ. დამკვირვებლები ადგილობრივ მოსახლეობას და სამართალდამცავებს გაესაუბრნენ და პირადად მათგან შეიტყვეს, რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ. მისიის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა მალე დაუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდობიანი რიტმი. მუხრანასა და ოძისში სულ 4 ჯგუფი მუშაობს. თითო ჯგუფში 8-10 უიარაღო დამკვირვებელია.
დამკვირვებელთა მისია დღეს ზნაურის რაიონშიც გაემგზავრა. ზნაურის რაიონში ევროკავშირის დამკვირვებლები ქარელის რაიონიდან შევიდნენ. ცნობილია, რომ მათ დღეს სოფლები – ავნევი, ატოცი და ქვედა ავნევი უნდა დაათვალიერონ. ზნაურის რაიონის შესასვლელთან განლაგებული რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხოლოდ ქვემო ოქონამდე შევა. მათივე თქმით, მათ მხოლოდ 12 კილომეტრიან ზონაში პატრულირების უფლება აქვთ, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცასა და ქვემო ოქონას შორის მანძილს მოიცავს.
გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს მუშაობა სამეგრელოს რაიონშიც დაიწყო. დამკვირვებელები განმუხურში, ხურჩასა და ჩხოროწყუში პატრულირებენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს საღამოს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია პირველი სამუშაო დღის ანგარიშს წარმოადგენს.
მისია სადამკვირვებლო საქმიანობას დღეს დილით 9:00 საათზე შეუდგა.