”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. მან დღეს ფონდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ხუთ ნაწილად დაყოფილი 43 შეკითხვა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს საზოგადოებას ხელისუფლებისადმი დაუგროვდა.
შეკითხვები ეხება აგვისტოს მოვლენებამდე არსებულ პერიოდსაც. ბურჯანაძეს აინტერესებს, თუ რატომ არ იქნა აცილებული საფრთხე და რატომ ჩაება საქართველო ღია დაპირისპირებაში რუსეთთან მაშინ, როდესაც 2008 წლის გაზაფხულიდან უკვე აშკარა ნიშნები ჩანდა იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთან საომრად ემზადებოდა.
შეკითხვების მეორე ნაწილში საუბარია საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან და ამ გადაწყვეტილების მიღების სამართლიანობასთან დაკავშირებით. მესამე ნაწილში საუბარია უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების წარმოების პროცესზე და იქ დაშვებულ შეცდომებზე. მეოთხე ნაწილს ეწოდება ”უკან დახევა” და ამ საკითხზე გაჩენილი ყველა შეკითხვაა ჩამოთვლილი. მეხუთე ნაწილი არის ომის შემდგომი პერიოდი - დევნილთა მდგომარეობა და ”ის პიარ-აქციები, რომლითაც ხელისუფლება გაუმართლებლად ცდილობს ქვეყანაში გამარჯვების ილუზიის შექმნას”.
- ”ეს არის შეკითხვები, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს ხელისუფლებისადმი და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პასუხები ამ შეკითხვებზე, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს. კრიზისი სხვაგვარად ვერ დაიძლევა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ამ 43 შეკითხვით არ შემოიფარგლება ”დემოკრატიული განვითარების ფონდი” და მათ კიდევ აქვთ მრავალი შეკითხვა, თუმცა ამ შეკითხვებს შეგნებულად არ სვამენ ჟენევის კონფერენციამდე, რომელიც ბურჯანაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული შეკითხვები ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” წარმოებული ”მრგვალი მაგიდების” შედეგად დაგროვდა. სხვადასხვა დროს გამართულ დისკუსიებში საზოგადოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.