პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში დღეს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ასევე დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
გარდა ამისა, ისინი გაემგზავრებიან ქალაქ გორში, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებულ უბნებს მოინახულებენ.
როგორც ცნობილია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკა რურუას შეხვდა.
ამასთან, გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთან, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან. დღის ბოლოს სტუმრებს პრეზიდენტის კანცელარიაში მიხეილ სააკაშვილი შეხვდა.
ნატოს დელეგაცია თბილისს დღესვე დატოვებს.
|