პავლე კუბლაშვილი: “ხელისუფლება საქართველოში საკუთრების დაცვის ყველაზე მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს”
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება საქართველოში საკუთრების დაცვის ყველაზე მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციით უზრუნველყოფა საერთაშორისო თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება და შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში სწორედ ამ გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შევა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ საკუთრება ხელშეუვალია და საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება დაუშვებელია. ამასთან, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის და გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს და ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციით სავალდებულო ხდება კერძო მესაკუთრისთვის სრული ანაზღაურების წინასწარი გადახდა.
პროექტის თანახმად, ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს ჩამორთმეული საკუთრების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები და იგი ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან თავისუფლდება.
|