პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა კიდევ ორი კვირით, 17 ოქტომბრამდე გაგრძელდა. პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა დღეს 91 ხმით, ერთხმად მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ეს არის ბოლო შემთხვევა, როცა პარლამენტი საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს და ევროკავშირთან აღებული ვალდებულების გათვალისწინებით, რუსეთი 10 ოქტომბერამდე კონფლიქტური ზონების მიმდებარე ტერიტორიებიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს.
გარდა ამისა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონებში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჩაანაცვლებს, რომელიც მომავალ კვირას იქნება მიღებული.
როგორც ცნობილია, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საომარი მდგომარეობა 3 სექტემბერს გააუქმა და იმავე დღეს რუსეთის რეგულარული არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა.
|