ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მუშაობას ორ საათში განაახლებს. სხდომაზე სიტყვით საქართველოს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძეც გამოვა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო სასმბლეის სესიაზე შესვენება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დღის პირველ ნახევარში სხდომაზე სიტყვით ორმოცამდე დეპუტატი გამოვიდა.
როგორც ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, “სხდომაზე სულ რამდენიმე არაადექვატური გამოსვლა დაფიქსირდა”.
“დეპუტატთა უმრავლესობა ცალსახად გმობს რუსეთის აგრესიას და რუსული ჯარის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს არაპროპორციულად მიიჩნევს”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
თავის მხრივ, რუსული დელეგაცია ტონს არ იცვლის. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა მარგელოვმა განუცხადა, “რუსული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ყოველი პუნქტისთვის ბრძოლას გააგრძელებს და საბოლოოდ გაიმარჯვებს”. “რუსეთი შეიძლება, მოატყუო, მაგრამ ვერ დაამარცხებ”, - განაცხადა მარგელოვმა.
როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს დღეს, გვიან ღამით უყრის. წინასწარი ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების შესაცვლელად და ცნობილი 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობების შესასრულებლად ვადას მომავალი წლის იანვრამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგები დატოვოს.
|