მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას რუსულ აგრესიასა და აგვისტოს მოვლენებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა არნახული აგრესია განახორციელა საქართველოზე, მაგრამ ვერ შეძლო თავისი ორი მთავარი მიზნის შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანი იყო ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა და საქართველოზე გამავალი ნავთობსადენის გაკონტროლება.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ უნდოდა ომი. "ამ ტიპის თავდაცვითი ოპერაციების წარმოების გეგმები ჩვენ არ გვქონდა განხილული.”
პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყება რუსეთის ძლიერმა შემოტევამ განაპირობა: "სხვადასხვა სახით ოპერაციაში რუსეთის მხრიდან მონაწილეობდა 80 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 3000-ზე მეტი ჯავშანმანქანა იყო საქართველოს ტერიტორიაზე, განხორციელდა 200-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა ავიაციის მიერ.”
მიუხედავად ”არნახული აგრესიისა” პრეზიდენტის განცხადებით, არ იმუშავა რუსეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა ემბარგომ, ვერ განხორციელდა შიდა დესტაბილიზაცია. "იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია ორ მთავარ მიზანს, საფრთხე მოხსნილი არ არის. მტერი შეიძლება გადავიდეს ახალ შეტევებზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის დამკვირვებლების ჩამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი. მისივე თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წევრების ჩამოსვლა საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს აგრესიის შემდგომ გაფართოებას და რუსეთის ჯარების უკან დახევას.
ეს განცხადებები პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას გენერალი მამუკა ყურაშვილიც ესწრებოდა, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს დაიჭრა.
|