სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მთავარი ცენტრი სასამართლო ხელისუფლება უნდა გახდეს. მისი თქმით, საქართველომ მიაღწია იმას, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს – საქართველოში სასამართლოში ქრთამს პრაქტიკულად აღარ იღებენ და კორუფცია შემცირდა.
"თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ხშირად მოსამართლემ წინასწარ იცის თავისი გადაწყვეტილება, წინასწარ მომზადებული აქვს თავისი აზრი ან ნაკარნახევი აქვს, რაც მალე უნდა დასრულდეს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, სისტემაში უნდა იყოს ბევრი მაკონტროლებელი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მოსამართლეს კი დაცვის მეტი გარანტიები მიეცეს. მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით, სასამართლოსადმი ნდობა გაიზრდება. პრეზიდენტის განცხადებით, მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის არ უნდა ეშინოდეს.