გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ”მემარჯვენეების” წევრის ფიქრია ჩიხრაძის მონაცემებით, ”ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში თავდასხმა ქართულმა მხარემ განახორციელა”.
ჩიხრაძის განცხადებით, ”რეზოლუციაში ჩაწერილი თითოეული პუნქტი ქართული საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რეალურად რა ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც”.
როგორც მან დღეს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გამართულ პრეს-სკონფერენციაზე განაცხადა, “ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხებზე მიღებული რეზოლუციით ის დაამტკიცა, რასაც ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა”.
”ამ რეზოლუციაში ნათლად არის აღნიშნული, რომ 7 აგვისტოს შეიარაღებული თავდასხმა სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო. აქედან გამომდინარე, საქართველო დადანაშაულებულია იმაში, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ მსოფლიოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს გადაუხვია”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ამასთან, იგი მიესალმება აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და აცხადებს, რომ ”გამოძიების საშუალებით სიმართლე უნდა გაირკვეს და ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს”.
|