საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუციით 100%-ით კმაყოფილი ვერავინ იქნება, თუმცა ეს საქართველოსთვის საკმაოდ დადებითი დოკუმენტია. როგორც თარგამაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეზოლუციის დასკვნით ნაწილში რუსეთთან მიმართებაში ყველა ის ვალდებულება ჩაიწერა, რომელსაც ქართული მხარე აყენებს.
”ევროსაბჭომ საკუთარ რეზოლუციაში დააფიქსირა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ასევე პირველად დაფიქსირდა ყველა ის რეგიონი, სადაც ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა შევიდნენ და ამ რეგიონებს შორის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც არის დასახელებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო რუსეთისაგან მოითხოვს საქართველოს კონფლიქტური ზონების აღიარების გადაწყვეტილების შეცვლას”, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ახლადდაბრუნებულმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება რეზოლუციის მე-5 პუნქტს, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოზე ”კონტრშეტევის” განხირციელებაზეა საუბარი, როგორც თარგამაძე აცხადებს, “ეს არის ყველაზე წინააღმდეგობრივი მუხლი”, რომლის რეზოლუციაში შეტანას ~ქრისტიან-დემოკრატები~ აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ.
”ცხინვალის რეგიონში ომის დაწყება უნდა წარმოადგენდეს საერთაშოირისო გამოძიების თემას, თუმცა თავად საქართველოს რომც დაეწყო საომარი მოქმედებები, რუსეთთან დაკავშირებით ტერმინ ”კონტრშეტევის” გამოყენება მაინც გაუმართლებელია, რადგან ეს არ იყო შეტევა რუსეთის რომელიმე რეგიონზე, არამედ იყო თბილისის მოქმედება თავის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსეთს არანაირი ”კონტრშეტევის” განხორციელების უფლება არ ჰქონდა”, - განაცხადა თარგამაძემ.
აქვე დეპუტატმა განმარტა, რომ ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოში “საკმაოდ მძიმე სამუშაოს გაწევა მოუხდა და ბევრი კამათისა და დისკუსიის მერე რეზოლუციის პროექტში 40-მდე შესწორება შევიდა”.
|