ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დევნილთა დაბრუნების სქემის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, შეიძლება, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსს დაეკისროს და დევნილები მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს , მისი უშუალო ჩარევით დაუბრუნდნენ.
”15 ოქტომბრისთვის უნდა შემუშავდეს იძულებით გადაადილებულ პირთა დაბრუნების სქემა როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე გაეროში. საუბარია 1992 წლიდან დევნილებზე და არა მხოლოდ ბოლო საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე. აუცილებელი იქნება მოსახლეობის ამ კატეგორიის დაცვის სისტემის ამოქმედება”, - განაცხადა მალაშხიამ, რომლის აზრით, ამ თვალსაზრისით ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა პოლიციური და ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსებია.
”მათ საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი აქვთ, აქვთ შეიარაღებული სტრუქტურები, საფრენი აპარატები, მძიმე ტექნიკა და ასე შემდეგ”, - განმარტა დეპუტატმა.
|