როგორც ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, "ამ იარაღით" ქართული მხარე წარმატებულად შეძლებს მიმართოს საერთაშორისო სასამართლოებს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეთნოწმენდაზე და მოითხოვოს ეთნოწმენდის ორგანიზატორთა გასამართლება.
ბაქრაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციის ის პუნქტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე, მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქნება რუსეთისთვის და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი ევროსაბჭოში მუდმივად ბრალდებულის მდგომარეობაში დარჩება.
"ევროსაბჭოს რეზოლუცია რუსეთისთვის დამოკლეს მახვილად იქცა და მანამ, სანამ რუსეთი რეზოლუციით დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, იგი ევროსაბჭოს მიერ მუდმივად იქნება ბრალდებული", -აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეზოლუციის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებზეც ისაუბრა, კერძოდ, რუსეთის ვალდებულებაზე, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარი და ევროკავშირის დამკვირვებლები კონფლიქტის ზონაში უნდა განლაგდნენ და ა.შ.
ევროსაბჭოში მიღებულ დოკუმენტისადმი ნეგატიურად განწყობილ ძალებს კი პარლამენტის თავმჯდომარე ურჩევს, რომ დოკუმენტს რეალური თვალით შეხედონ და ქვეტექსტებით არ ისაუბრონ.
მისი შეფასებით, დოკუმენტი ქვეყნის გამარჯვებაა და იგი საქართველოს ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული.