რუსეთში საქართველოს ინტერესების გასატარებლად საქართველომ შვიცარიას მიმართა.
ამის თაობაზე განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, შვეიცარიიდან თანხმობა ფაქტიურად მიღებულია ამ საქმიანობის გაწევაზე, თუმცა თანხმობა უნდა განაცხადოს თავად რუსულმა მხარემაც. მოლაპარაკებები ამ მიმართულებებით შვეიცარიასთან გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გამო, რუსეთის ინტერესებს საქართველოში შვეიცარიის საელჩო განახორციელებს და ამის თაობაზე თანხმობა საქართველომ უკვე განაცხადა.
საქართველო მიესალმება შვეიცარიის მიერ საქართველოში რუსეთის დიპლომატიური ინტერესების გატარებას.
როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ჯერჯერობით შვეიცარიიდან ოფიციალური ნოტა არ მიუღია, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა შვეიცარიის წარმომადგენელთან და სწორედ ამ შეხვედრაზე იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ შვეიცარია საქართველოში განახორციელებს დიპლომატიურ ინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.
როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვეიცარია რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს განახორციელებს საქართველოში, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიურ ურთიერთობაზე.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე იქნება ტექნიკური მომსახურების განხორციელება, თუმცა მოგვიანებით შესაძლებელია შვეიცარიის საელჩომ საკონსულო მომსახურებაც განახორციელოს.
- ”შვეიცარია საქართველოს ნდობით სარგებლობს, რადგან შვეიცარია არის ნეიტრალური სახელმწიფო და მას ასეთ საქმიანობაში გამოცდილება აქვს”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
როგორც ცნობილია, რუსეთმა მიმართა შვეიცარიას, რომ განახორციელოს საქართველოში დიპლომატიური ინტერესები. შვეიცარია ამ დროისათვის ასეთ მანდატს ახორციელებს კუბაზე, სადაც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს კუბისა და ირანის ინტერესებს
|