სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის საქართველოში ვიზიტის შედეგები თბილისსა და ერევანს შორის გამართულ ტელეხიდის დროს შეაფასეს.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამ ვიზიტის მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯავახეთში რუსული პასპორტების დარიგების შემთხვევაში, საქართველოში სეპარატიზმის კიდევ ერთი კერა გაჩნდება.
ტელეხიდის ეროვნული მონაწილეების თქმით, სერჟ სარქისიანის ვიზიტი სიმბოლური ხასიათის იყო, რათა აღარ დარჩენილიყო ეჭვი, რომ სომხეთი საქართველოს მხარს არ უჭერს.
მსჯელობის მთავარი თემა კი ახალი მაგისტრალის მნიშვნელობა გახდა, რომელიც ერევანს, ახალციხისა და აჭარის გავლით, თურქეთს დააკავშირებს. პრეზიდენტის მრჩევლის, ვან ბაიბურთის თქმით, სომხეთისა და საქართველოსთვის ეს მაგისტრალი ერთნაირად მნიშვნელოვანია, რადგან სომეხი ტურისტები უფრო მარტივად მოახერხებენ საზღვაო კურორტზე დასვენებას.
სომხური მხარის წარმომადგენლის, ალექსადრე ისკანდარიანის თქმით, ქართველი პოლიტიკოსების აზრი, რომ ეს საგზაო მაგისტრალი “როკის გვირაბი 2” იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი თქმით, კონფლიქტები გვირაბიდან არ იწყება და მან მაგალითად ყარაბაღის კონფლიქტი მოიყვანა, სადაც გვირაბი არ ფიგურირებს.
ქართული მხარის წარმომადგენლები კი მაინც სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს და აღნიშნავენ, რომ სომხეთისა და ბათუმის დამაკავშირებელი გზა შესაძლოა, რუსეთმა თავისი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენოს.
ექსპერტ, ნიკო ორველაშვილის თქმით, სომხეთისა და ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა რეალურ საფრთხეს შეუქმნის სამცხე-ჯავახეთს, სადაც სომხები არიან დასახლებული.
- “სამწუხაროა, რომ ხელისუფლება გადაწტვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი აზრებით და ექსპერტები ამ გადაწყვეტილებებს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით იგებენ. ამ საკითხის გადაწყვეტა არც ისე მარტივია, ეს დიდ ფიქრსა და მუშაობას მოითხოვს, აქ უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა ნიუანსი,” - განაცხადა ორველაშვილმა.
|