Главная » 2008»ოქტომბერი»6 » უკრაინის რადა-ს თავმჯდომარე აგვისტოს მოვლენებზე ნინო ბურჯანაძის მიერ დასმულ 43 კითხვას ეთანხმება
უკრაინის რადა-ს თავმჯდომარე აგვისტოს მოვლენებზე ნინო ბურჯანაძის მიერ დასმულ 43 კითხვას ეთანხმება
20:42
უკრაინის რადა-ს თავმჯდომარე არსენ იაცენუკი აგვისტოს მოვლენებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდმარის ნინო ბურჯანაძის მიერ დასმულ 43 კითხვას ეთანხმება. ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძესთან შეხვედრისას იაცენუკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში განვითარებული მოვლენების ანალიზი და დასძინა, რომ იმ 43 კითხვიდან, რომელიც ბურჯანაძემ ხელისუფლებას დაუსვა, თითოეულს თავადაც მოაწერდა ხელს. შეხვედრა ბურჯანაძესა და არსენ იაცენუკს შორის ბურჯანაძის უკრაინაში ვიზიტისას, “დიპლომატიურ კლუბში” შედგა, სადაც ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის, უკრაინის პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პასუხობდა. უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან, სადაც ბურჯანაძემ უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრებისას მთავარი თემა კი, რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იყო. ვიზიტის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ უკრაინული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთათვის საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ “იალტის ევროპული ინიციატივის” საერთაშორისო კონფერენციაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციას ნინო ბურჯანაძე საგანგებო სტუმრის სტატუსით დაესწრო და დისკუსიის მთავარი თემა იყო “ევროპის საგარეო პოლიტიკა: ვუბრუნდებით თუ არა ცივ ომს?”. ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდეგ არსებულ ვითარებასა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა. ამასთან, მან იმ მიმართულებებზეც იმსჯელა, რომელიც მომავალში ცივილიზებული მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს. “2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მსოფლიოში სხვა რეალობაა”, - განაცხადა ბურჯანაძემ და ასევე აღნიშნა, რომ როდესაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას დაუსჯელობის სინდრომის არსებობა. მისივე განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი უნდა იყოს. კონფერენციაზე კითხვები, ძირითდად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, რაზეც ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის წარმომადგენელს შორის მწვავე დისკუსია გაიმართა.