რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი კომისიის ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომების პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლირებას ითხოვენ. ამასთან, მათი სურვილია, პირველივე სხდომაზე მათი დაკითხვის ობიექტი პრეზიდენტი სააკაშვილი გახდეს.
ამ მოთხოვნით სპეციალური ბრიფინგი დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლევან ვეფხვაძემ და ნიკა ლალიაშვილმა გამართეს. მათი განცხადებით, “ძალზე მნიშვნელოვანია, კომისიამ გამჭვირვალედ იმუშაოს და საზოგადოებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით”.
”პირველ რიგში, კომისიამ ინფორმაცია უნდა მიიღოს იმ თანამდებობის პირებისგან, ვინც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს პირები არიან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი მინისტრები და უშიშროების საბჭოს მდივანი” - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
გარდა ამისა, “ქრისტიან-დემოკრატები” კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის ხელს არასაპარლამენტო ოპოზიციას უწვდიან.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
|