ნაცნობი სცენარი, ნაცნობი რეჟისორის დადგმითა და ნაცნობი მსახიობების შესრულებით. აფეთქებების სერია ისევ დაიწყო:
ცხინვალში ავტომანქანა აფეთქდა, რუსულმა მხარემ , რა თქმა უნდა მომხდარში თბილისი დაადანაშაულა. მათი თქმით , აფეთქდა ეუთო-ს კუთვნილი მანქანა, რომელშიც ქართველები ისხდნენ, დაღუპულია 11 ადამიანი.
სეპარატისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული სააგენტოები წერენ, რომ ტერაქტი მზადდებოდა ახალგორის ”ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე”. ანატოლი მარგიევის მანქანა აფეთქდა. დაიწვა ავტომობილი, ქართული ტერიტორიის რუსი ხელმძღვანელი კი უვნებელი გადარჩა. მოსკოვისათვის, რა თქმა უნდა, აქაც ქართული კვალი ჩანს.
აფეთქება მოხდა გორში. ქალაქის ცენტში, სამხედრო ბაზასთან ნაღმი ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს მოზარდებმა. ორი 16 წლის მოზარდი ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება.
გუშინ აფეთქება მოხდა წალენჯიხაშიც. აფხაზეთის ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვები საავტომობილო გზის სიახლოვეს დაეცა. ჭურვები 82 მმ-იანი ყუმბარტყორცნებიდან იყო ნასროლი. მოგვიანებით ანალოგიური კალიბრის იარაღიდან კიდევ ორი ჭურვი ისროლეს, ამ ჯერად აფეთქება სოფელ ფახულიანში მოხდა.
გამთენიისას კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ევროკავშირის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს , ”ენგურჰესის ” მიმდებარე ტერიტორიაზე ”ურალის” ტიპის რუსული სამხედრო მანქანის აფეთქება.
სოფელ ტყვიავში კი ოკუპანტების დატოვებული გაუნაღმავი ბომბი ისევ რჩება, რომლის აფეთქების შემთხვევაში, ვარაუდობენ,რომ სოფლის დიდი ნაწილი განადგურდება.
აფეთქებების პარალელურად, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია გალის რაიონში. გუშინ გალში მცხოვრები კიდევ ერთი ოჯახი დაარბიეს და 13 წლის მოზარდი მოკლეს. კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა აფხაზეთში. ამ ჯერად შემთხვევა რუს სამხედროსა და აფხაზ სეპარატისტს შორის მოხდა. მოკლულია სეპარატისტი.
დე ფაქტო ცხინვალში კი ჩეჩენი მუშა გუშინ მოკლეს.
ქართული მხარე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ 10 ოქტომბრამდე რუსეთი ეცდება სიტუცია ისევ დაძაბოს, რათა საქართველოს ტერიტორიის დატოვების პროცესი გაგრძელდეს. ”საფრთხე მოხსნილი არაა. მტერი შეიძლება გადავიდეს ახალ შეტევაზე,”-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი .
ევროკავშირის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსეთი იწყებს ვალდებულების შესრულებას.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკანონო ბლოკ -საგუშაგორების დატოვება დაიწყეს. დემონტაჟის დასრულებამდე დარჩა კიდევ 3 დღე. 10 ოქტომბერს მსოფლიო დაინახავს, შეასრულა მედვედევმა სარკოზისათვის მიცემული პირობა თუ არა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორი იქნება მსოფლიოს რეაქცია და როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია.
|