რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება ქართული მხარის წინააღდეგ ძალადობის ესკალაციის ბრალდებით გამოდის.
საკუთარი პოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ფრანგ კოლეგას, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერს წერილობით გააცნო. წერილი ეუთოს ხელმძღვანელობასაც გაეგზავნა.
“იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისში გარკვეული ძალები შეგნებულად ძაბავენ ვითარებას და ტერაქტების საშუალებით ახალი სამხედრო ოპერაციის პროვოცირებას ცდილობენ”, - ნათქვამია ლავროვის განცხადებაში.
რუსეთის კიდევ ერთ ბრალდებას თბილისში მორიგ სიცრუედ აფასებენ. ქართველი კანონმდებლების განცხადებით, ვითარების დაძაბვა კონფლიქტურ რეგიონში მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის და მასთან ქართულ მხარეს საერთო არაფერი აქვს.
ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მედვედევი-სარკოზის შეთანხმება შეუფერხებლად შესრულდება და რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიას 10 ოქტომბრამდე დატოვებენ
|