საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ახლო მომავალში სავარაუდოდ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე შეცვლის. ამის შესახებ ”პირველს” სარწმუნო წყარომ აცნობა.
სოზარ სუბარი დაკავებულ თანამდებობას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით დატოვებს.
როგორც ცნობილია, სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. პირველი სერიოზული დაპირისპირება სახალხო დამცველსა და ხელისუფლებას შორის სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობებს უკავშირდება. გასული წლის 7 ნოემბერს კი, სახალხო დამცველმა პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი აქციისა და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევის ფაქტებიც გააპროტესტა.
რაც შეეხება ელენე თევდორაძეს, ამჟამად იგი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოადგილეა, მანამდე კი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებასთან ურთიერთობა მასაც დაეძაბა. მაშინ თევდორაძე საქვეყნოდ აცხადებდა, რომ პოლიტიკაში საკუთარი მოღვაწეობის რესურსი ამოწურა, ვინაიდან “როგორც ძველი თაობის წარმომადგენელი, ახალგაზრდა ხელისუფლებას ბევრ საკითხში ვერ უგებს”.
|