განცხადებას, რომელიც ტელევიზიასთან გაკეთდა "პირველი ნაბიჯი თავისუფალი მედიისთვის" ეწოდა.
განცხადება ”კონსერვატორმა” ზვიად ძიძიგურმა წაიკითხა.
ოპოზიციის ლიდერებმა ქართულ ჟურნალისტიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას ”მასმედიის გათავისუფებისკენ” მოუწოდეს.
”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” შეკრებილი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მწვავე დემოკრატიული კრიზისი საქართველოში მასმედიის შეზღუდულობის ბრალია.
ოპოზიციამ მასმედიის გასათავისუფლებლად გადასადგმელი პირველი ნაბიჯი, ხუთ პუნქტად დაყო.
ოპოზიცია მოითხოვს, აღდგეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "პრაიმ-ტაიმი" და გავიდეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით; მაუწყებლის ეთერშივე საზოგადოების ნდობით აღჭურვილ დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფს დაეთმოს საეთერო დრო ჟურნალისტური გამოძიებისთვის; დაუბრუნდეს ტელეკომპანია "იმედი" მის კანონიერ მესაკუთრეს; მიეცეს ტელეკომპანია "მაესტროს" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაკეთების საშუალება და ბოლოს, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანიის მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ.
ოპოზიციური პარტიები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო დონორებსა და საელჩოებს, ყველა საშუალებით შეუწყონ ხელი მედიის მრავალფეროვნებას საქართველოში.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები: "ახალი მემარჯვენეები", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "კონსერვატიული პარტია", "ლეიბორისტული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია".