საქართველოს იუსტიციის მინიტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი სამინისტროს უპირველესი ამოცანა პენიტენციალურ სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის უფრო მეტად განვითარება და ჯანდაცვის სისტემის მაღალ ხარისხში აყვანა იქნება.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ნიკა გვარამიამ განუცხადა, გარდა ამ ორისა, სამინისტროს ამოცანა ასევე პრობაციის სისტემის განვითარება იქნება.
”მართალია, ჯანდაცვის სისტემის მაღალ დონეზე აყვანა დაწყებულია, მაგრამ პირადად მე კმაყოფილი არ ვარ. პრობაციის სისტემა კი უზრუნველყოფს, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს”, - განაცხადა იუსტიციის მინიტრმა.
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროსა და გენპროკურატურის გაერთიანების შემდეგ პენიტენციალური სისტემა დამოუკიდებელი სამინისტრო უწყების სახით ჩამოყალიბდება. კერძოდ, მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საუბარია სასჯელაღსრულების სამინისტროს შექმნაზე, რომელშიც აქამდე იუსტიციის სამინიტროში შემავალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და პრობაციის სამსახური გაერთიანდება. ახალი სამინისტრო 2009 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
რაც შეეხება იუსტიციის სამინიტროს კიდევ ერთ საქვეუწყებო სტრუქტურას - ექსპერტიზის ბიუროს, იგი დამოუკიდებელ საჯარო სამსახურად ჩამოყალიბდება და მის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს.
იუსტიციის სამინიტროსა და გენპროკურატურის გაერთიანებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე. კერძოდ, შეიცვალა გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი პირის ტიტული – საკანონმდებლო პაკეტის პირვანდელი ვერსიით, გაერთიანებული უწყების პირველი პირის რეგალია იუსტიციის მინისტრი-გენერალური პროკურორი იყო, საკანონმდებლო პაკეტის ბოლო ვერსიით კი, მას მხოლოდ იუსტიციის მინისტრი ერქმევა.
|