ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ჟენევის კონფერენციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უმოქმედობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გამოდის ინიციატივით, ჟენევაში 15 ოქტომბერს საქართველოს დელეგაციას საქართველოს ელჩმა გაერო-ში ირაკლი ალასანიამ უხელმძღვანელოს.
„ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს ელჩი გაერო-ში ირაკლი ალასანია უნდა იყოს. ამ პიროვნებამ ომის მძიმე დღეებში მაღალი პროფესიონალიზმი, გაწონასწორებული და მტკიცე ხასიათი გამოიჩინა. გაეროში მისი საქმიანობა დიპლომატიის სანიმუშო მაგალითია“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია განახორციელა და ამ ფაქტზე ევროკავშირმა, როგორც შუამავალმა მხარემ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
ედპ აღნიშნული ინიციატივით ანტიკრიზისულ საბჭოში შესვლას გეგმავს და საკითხის საქართველოს მთავრობასთან ერთად განხილვას მოითხოვს.
|