ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოუწოდებს პარლამენტის ყველა წევრს, “პარტიული კუთვნილების განურჩევლად, საზოგადოების მხარეს დადგნენ და არ დაუჭირონ მხარი მთავრობის ანტისოციალურ პოლიტიკას”.
ედპ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სოციალური დახმარებების ნაწილს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ “სახეზეა სოციალური კოლაფსი, რადგან რეალური სახელმწიფო დახმარების მიღმა აღმოჩნდა მილიონზე მეტი მოქალაქე, რაც ქვეყანაში სოციალურ სტაბილურობას ანგრევს”.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ ჩახვაძემ განაცხადა, “სოციალური პოლიტიკა კვლავ რჩება ხელისუფლების “აქილევსის ქუსლად” და ითხოვს ძირეულ, სისტემურ რეფორმას, ორიენტირებულს მოქალაქეების ღირსეულ ყოფაზე”.
“შეუძლებელია, სერიოზულად ვილაპარაკოთ თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპზე, როცა ხანდაზმულობის მინიმალური პენსია (55 ლარი) საარსებო მინიმუმის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ობოლ ბავშვებზე და ინვალიდებზე ხელისუფლება თვეში მხოლოდ 22 და 65 ლარის ოდენობით “ზრუნავს”; შეუძლებელია, სერიოზულად ვილაპარაკოთ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, როცა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ ბავშვზე სახელმწიფო მხოლოდ 35 ლარს გამოყოფს. მთავრობა ასეთი პოლიტიკით მაღალი ინფლაციის პირობებში თავის მოქალაქეებს ხელს ჰკრავს და ბედის ანაბრად ტოვებს. ამით სახელმწიფო უარს ამბობს იმაზე, რომ იტვირთოს სოციალური ფუნქცია”, _ განაცხადა ჩახვაძემ.
ედპ აღნიშნულ საკითხს ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებშიც დააყენებს, სადაც წარადგენს საკუთარ ხედვებს პრობლემის მოგვარების კუთხით.
|