პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას, თუმცა ამ ცვლილებების დროსა და დეტალებზე არ საუბრობს.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებებს ასევე განაპირობებს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები, რაც იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებას და მომავალი წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი სამინისტროს შექმნის გეგმებს უკავშირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა ასევე პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ, რომლის თანამდებობიდან წასვლაზეც ქართული პრესა ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად წერს.
”ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა,”- განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს, ”უცვლელი არავინ არ არის და თავის დროზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, რომელთაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ”სატელიტებს” უწოდებს, ღიად მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის შეცვლა.
|