სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ ბიწაძემ გაზეთ “რეზონანსს” განუცხადა.
ინტერვიუს მიხედვით, იგი ბოლო პერიოდში მესაზღვრეების დაკავებისა და სასაზღვრო უწყების ბიუჯეტის 39-პროცენტიან შემცირებას საკუთარ პიროვნებას უკავშირებს.
“თუ ხალხი დააშინეს, დააშანტაჟეს და ჩემს გამო უდანაშაულო ხალხი დაიჭირეს, მთლიანად თუ დაზარალდა მთელი უწყება იმის გამო, რომ მე ვარ ხელძღვანელი, ასე თუ გაგრძელდა და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება, თანამდებობიდან წასვლაზე ვიფიქრებ”,-განცხადა ბიწაძემ გაზეთთნ საუბრისას.
მისივე თქმით, ვერ აუხსნია, რატომ ხდება უდანაშაულო ადამიანების დაკავება და ბიუჯეტის შემცირება.
“როგორ უმატებენ ძალოვან სტრუქტურებს ბიუჯეტს და ამ დროს ჩვენ, სასაზღვრო უწყებას გაგვინახევრეს. რა თქმა უნდა, ეს ხდება ჩემი დევნის გამო. არ დავუშვებ, რომ ჩემი დევნისა და შანტაჟის გამო, ჩვენი უწყების თანამშრომლები დაზარალდნენ. ისე, როგორც ჩანს, უდანაშაულო ხალხის დაცვა არ შემიძლია”,- აღნიშნა ბიწაძემ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსი უწყების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას მეუღლის, ნინო ბურჯანაძის გააქტიურებასაც უკავშირებს. “ერთი ერთზე დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს - ბურჯანაძის კითხვები, ბურჯანაძის გაქტიურება და უცებ ასეთი შანტაჟის გზით ჩვენი თანამშრომლის დაკავება. ახლა ბიუჯეტის შემცირება ბოლო წერტილია. ამ ბიუჯეტით სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებას ვერ შეძლებს”,-განაცხადა ბიწაძემ “რეზონანსთან” საუბრისას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა ამ ყველაფრის საქმის კურსში პრეზიდენტი სააკაშვილი, ბიწაძე პასუხობს: “- ყოველ შემთხვევაში თუ აქამდე არ იყო, ახლა მაინც იქნება... ფაქტები, რომლებიც ჩემს ირგვლივ ხდება ჯერჯერობით აუხსნელია. მე მინდა, რომ ეს ფაქტები ავხსნათ და ამის მერე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.”
აქვე ბადრი ბიწაძე დარწმუნებულია, რომ ის კონკრეტული უწყებების მიერ იდევნება: “- ესე არის გენერალური პროკურატურისა და შსს-ს ერთობლივი პროექტი. მითვალთვალებენ, თუ ტელეფონზე მისმენენ, ეს სულ არ მაღელვებს. არაფერი დასამალი მე არ მაქვს...შემიძლია პირდაპირ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვაზე”.
|