უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უმაღლესი რადა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 7 დეკემბრისთვის დანიშნა.
“2008 წლის 2 სექტემბერს პარლამენტში დე-ფაქტო შეიქმნა ახალი კოალიცია - იულია ტიმოშენკოს ბლოკის, რეგიონების პარტიის და კომუნისტური პარტიის შემადგენლობით”, - აღნიშნა იუშჩენკომ გუშინდელ გამოსვლაში.
მისივე თქმით, ამ პერიოდში მიღებული კანონების ნაწილი არაკონსტიტუციური იყო, რის გამოც მას ვეტოს უფლების გამოყენება მოუწია.
2 სექტემბერს, პრეზიდენტის თქმით, იყო უკრაინის და მისი ფასეულობების დემონტაჟის მცდელობა. “ხელისუფლების ბალანსი, ეროვნული უსაფრთხოება, პოლიტიკური კურსი, უკრაინული ენა - ეს გახდა სპეციალური შეთანხმებების სამიზნე. დემოკრატიული კოალიცია, ჩემი აზრით, დაანგრია ერთი ადამიანის ამბიციამ”, - განაცხადა იუშჩენკომ.
მისივე თქმით, მთავრობის ამომრჩეველზე ორიენტირებამ უკრაინა ევროპაში ყველაზე მაღალ ინფლაციამდე მიიყვანა.
ვიქტორ იუშჩენკოს თქმით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარდება. “როგორც ერთი წლის წინ, მე ვიცავ ჩვენს პერსპექტივას. მე მოვუწოდებ აქტიურობისკენ ყველა უკრაინელ ამომრჩეველს, ყველა მოაზროვნეს, ყველა უკრაინის მოქალაქეს და ყველა უკრაინელ პატრიოტს”, - დასძინა იუშჩენკომ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ იუშჩენკო ამჟამად იტალიაში იმყოფება, გუშინდელი მიმართვა კი დილით იყო ჩაწერილი.
ბოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2007 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “იულია ტიმოშენკოს ბლოკი” უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილებას უმაღლესი რადას დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებს, - იუწყება “პოდრობნოსტი.უა” ტიმოშენკოს ფრაქციის წევრზე ვალერი პისარენკოზე დაყრდნობით.
“ჩვენ მზად გვაქვს ყველა დოკუმენტი, რათა დღეისთვის დავიწყოთ ასეთი მოქმედებები, ანუ პრეზიდენტის უკანონო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება”, - აღნიშნა მან.
ტიმოშენკოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი პორტნოვი კი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის განკარგულების რეალიზაცია გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. “ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არც ერთ კანონს, რომელიც იქნება მიმართული ამ არაკონსტიტუციური ნაბიჯების ლეგალიზაციისკენ”, - დასძინა პორტნოვმა.
|