როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ფორუმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივით და ხელისუფლების მხარდაჭერით ეწყობა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და ლიტვადან.
“გარდა ფორუმისა, სვეტიცხოვლობის კვირეულში, დაგეგმილი იყო სხვა მრავალი ღონიძისებაც და ყველაფერი ეს უნდა ქცეულიყო კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 75-ე და აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავის დამაგვირგვინებელ ზეიმად, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მისმა უწმინდესობამ ამ ღონისძიებებზე უარი თქვა”, - აცხადებენ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდება მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება III საერთაშორისო სიმპოზიუმი, თემაზე: ,,ცივილიზაციათა დიალოგი - განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი და გელათის მეცნიერებათა აკადემიაა. სიმპოზიუმზე სამი სექცია იმუშავებს. კერძოდ, განათლება, ეთიკური აღზრდა და რელიგია; გამოყენებითი პედაგოგიკა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და კულტურათა ინტერფერენცია და ცივილიზაციათა დიალოგი.
სიმპოზიუმი 10 ოქტომბერს დაიხურება.
დღესვე იგეგმება საქართველოს ფოსტის აქცია დევიზით - “მშვიდობის წერილი მსოფლიოს”.
ფოსტის ინფორმაციით, ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მონაწილეობა იმ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც წერილობითი გზავნილით განხორციელდება.
“ყველა მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაგზავნის წერილს ან ღია ბარათს, ავტომატურად მოხმარდება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს. აქცია მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება და მასში ყველა საფოსტო განყოფილება იქნება ჩართული”, - აცხადებენ ფოსტაში.
გარდა ამისა, მსოფლიო ფოსტის დღესთან დაკავშირებით დღეს ღვაწლმოსილ ფოსტალიონებს დააჯილდოებენ.
“დამსახურებულთა შორის, იმ რეგიონებში მცხოვრები ფოსტალიონებიც არიან, რომლებიც ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. თითოეულ მათგანს, ფულად ჯილდოსთან ერთად მადლობის სიგელებს შპს ”საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობა პირადად გადასცემს, ხოლო მათ შორის ათ ყველაზე ხანდაზმულს - ”საპატიო ფოსტალიონის წოდებას“ მიანიჭებს”, - აღნიშნავენ საქართველოს ფოსტაში.
|