ცხინვალი ე.წ. ბუფერული ზონიდან რუსი სამხედროების გასვლით უკმაყოფილოა. როგორც სააგენტო “რეს”-ი იუწყება, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რუსი სამხედროები ბუფერულ ზონაში დარჩენილიყვნენ.
“მაგრამ რამდენადაც მედვედევი და სარკოზი სხვა რამეზე შეთანხმდნენ, ჩვენ მათი შეთანხმება უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ სწორედ ეს შეთანხმება, რადგან საქართველოში რაღაც სხვა ვარიანტი გაჩნდა და ქართული, პრეზიდენტ მედვედევთან შეუთანხმებელი ვარიანტი არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადა ძიცოითიმ.
მისი თქმით, მედვედევი-სარკოზის შეთანხმება მიხეილ სააკაშვილმაც უნდა დაიცვას. ძიცოითი აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება ცხინვალისთვის იმით არის მომგებიანი, რომ მის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არა სამშვიდობო ძალები, არამედ რუსული ჯარი იქნება და იქ რუსული სამხედრო ბაზები გაიხსნება.
ძიცოითი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების არსებობას მოსკოვი-ცხინვალის შეთანხმება გულისხმობს.
“ჩვენმა პარლამენტმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე მოახდინა. ჩვენ ველოდებით, როდის გააკეთებს იგივეს რუსეთის პარლამენტი. ამის შემდეგ შეთანხმება ძალაში შევა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები კანონიერად იქნებიან, რათა კვლავაც დაიცვან მშვიდობა”, - განაცხადა ძიცოითიმ.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთმა ახლა სახელმწიფო საზღვარი უნდა მოაწყოს, საზღვრის მთელს პერიმეტრზე მავთულხლართი გაავლოს და საქართველოსთან ურთიერთობაში ისე მოიქცეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
“რაც შეეხება დამკვირვებლებს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა უნდა გააკეთონ მათ. ისინი, ალბათ, მონიტორინგს განახორციელებენ, მაგრამ ექნებათ თუ არა პერიმეტრზე ან დასახლებულ პუნქტებში სტაციონარული სადგურები, ჩემთვის უცნობია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დადგინდეს, რომელი მხარე ხსნის ცეცხლს და რომელია იძულებული, უპასუხოს”, - განაცხადა ძიცოითიმ და დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ დამკვირვებლები ობიექტურად იმუშავებენ.
|