აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაარწმუნებს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არის. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დღეს ბუდაპეშტში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეიტსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა განაცხადეს, იმის შესახებ, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გასაწევრიანებლად, აშშ ნატო-ს იმ წევრ ქვეყნებს დაარწმუნებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყოყმანობენ.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მიესალმა.
”რუსეთმა საქართველოში შეჭრით საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია”, - აღნიშნა რობერტ გეიტსმა.
დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ და რუმინელ კოლეგებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისრტების არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს.
|