2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი პარლამენტში იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. საბიუჯეტო განხილვების გახანგრძლივება იმ ტენდენციებს უკავშირდება, რომელიც ქართულ ეკონომიკაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ იკვეთება.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განმარტა, ერთის მხრივ, მთავრობა ისევ განაგრძობს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის შესწავლას და ამასთან, ელოდება მკაფიო სურათს იმისა, თუ რამდენად სრულფასოვნად ამუშავდა ქართული ეკონომიკა რუსეთის აგრესიის შემდეგ.
”გამომდინარე აქედან, საბიუჯეტო პროექტის განხილვა შედარებით მეტი ხნით გაგრძელდება. სამაგიეროდ მივიღებთ დაზუსტებულ სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც დამყარებული იქნება ზუსტ და გადამოწმებულ მონაცემებზე” - განაცხადა ბაქრაძემ.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვებს საპარლამენტო კომიტეტები და ფრაქციები მომავალი კვირიდან შეუდგებიან.
|