პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და პირველი მოსმენითვე მიიღებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად, ახალ პარლამენტს ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა დასამტკიცებლად წარუდგება.
”ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებაა, რომელიც აძლიერებს პარლამენტის როლს და კონტროლს როგორც მთავრობის, ასევე პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებების მიმართ” - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
ამჯერად ცვლილება კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველ პუნქტში შედის, რომელიც შემდეგი რედაქციით ყალიბდება: ”საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების ან ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია, დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე”.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტის ინიცირება თებერვალში წინა მოწვევის საპარლამენტო ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
|