საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. ბერნარ კუშნერი თბილისში რიგიდან ჩამოფრინდა.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ ეს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მესამე ვიზიტია საქართველოში. კუშნერის ვიზიტის მიზანია პირადად ადგილზე გაეცნოს ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება და საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გასვლის პროცესი.
ბერნარ კუშნერს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე დახვდნენ.
გვიანი ღამის მიუხედავად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგა ეკა ტყეშელაშვიალთან და სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან გამართა.
შეხვედრაზე კუშნერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის პირველი ეტაპის შესახებ. ასევე ისაუბრეს მის დღევანდელ ვიზიტზე კონფლიქტის ზონაში და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს გორში ელოდებიან. ბერნარ კუშნერი ადგილზე დაათვალიერებს იმ ტერიტორიებს, საიდანაც საოკუპაციო ჯარები გავიდნენ. ის ასევე შეხვდება ევროკავშირის დამკვირვებლებს და მონიტორინგის შესახებ მათგან პირველ ანგარიშს მოისმენს.
რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევა ახალგორში ერედვსა და საჩხერის რაიონში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება ჟენევის სამიტზე.
დღესვე, დაახლოებით 16.00 საათისათვის ფრანგი მინისტრი ბათუმში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის შედეგებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეაჯამებენ. ბერნარ კუშნერი საქართველოს დღეს დატოვებს.
|