ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა შეასრულეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის ვალდებულება.
როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესისა და ინფორმაციის ოფისის მიერ გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა დემონტაჟი განახორციელა აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საგუშაგოსა და ერთი სამხედრო ბაზის, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე - 5 საგუშაგოსა და ერთი სათვალთვალო პოსტის.
"ბედნიერი ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დამიდასტურა, რომ რუსეთის ჯარმა შეასრულა დაგეგმილი გაყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ვიმედოვნებ, რომ ჯარის გაყვანა საშუალებას მისცემს დევნილებს, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს", - განაცხადა სოლანამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის ყოფნა რეგიონში შეამცირებს დაძაბულობასა და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებისადმი პატივისცემას გააძლიერებს.
|