იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება უკვე მიღებულია. კონსტიტუციაში ცვლილება მესამე მოსმენით პარლამენტმა 110 ხმით ერთხმად მიიღო.
რაც შეეხება მის თანმდევ კანონპროექტებს, რომლებიც გაერთიანებული უწყების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩამოყალიბებას და ა.შ ითვალისწინებს, მათ მესამე მოსმენით გარკვეული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
ცვლილებები იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შედეგად "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ", "პატიმრობის შესახებ", "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიცის ეროვნული ბიუროს შექმნისა და სასამართლო – საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ", "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონებში შედის. ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება "პროკურატურის შესახებ" მოქმედი ორგანული კანონი, რომელსაც სრულიად ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი ჩაანაცვლებს. როგორც საკანონმდებლო პაკეტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებების მომზადება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ თავდაპირველად კონსტიტუციით პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით კი პროკურატურას სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სტატუსი ჩამოშორდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არც კონსტიტუციით და არც "პროკურატურის შესახებ" კანონით არ არის განსაზღვრული პროკურატურის ადგილი სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში.
მათივე განმატებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მრავალ სხვა დასავლურ სახელმწიფოში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს მოდელი, რომლის თანახმად, პროკურატურა იუსტიციის სამინიტროს სისტემას ექვემდებარება.
|