აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი პაატა დავითაია დღეს დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.
დავითაია დიპლომატებისგან კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და წინადადებს მოისმენს.
რაც შეეხება კომისიის სხდომებს, პირველი სხდომა შაბათს გაიმართა და მასზე დებულება მიიღეს, რომელიც ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება.
კომისიის მორიგი სხდომა პარასკევს შედგება, რომელზეც უკვე მუშაობის გრაფიკზე და კომისიაში დასაბარებელ თანამდებობის პირებზე იმსჯელებენ. ასევე, გაირკვევა რამდენად მოხერხდება და რომელ ტელეარხზე გადაიცემა კომისიის მნიშვნელოვანი სხდომები პირდაპირ ეთერში.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში 10 დეპუტატი შედის. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.
|