საპრეზიდენტო არჩევნებამდე 23 დღით ადრე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა გამოკითხვის შედეგების მიხედვით ლიდერის პოზიციას იმყარებს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც სააგენრო “როიტერის” შეკვეთით ჩატარდა, ამომრჩეველთა 49 პროცენტი ბარაკ ობამას უჭერს მხარს, ხოლო - 43 პროცენტი ჯონ მაკკეინს.
გამოკითხვის ავტორთა განცხადებით, ბარაკ ობამას ლიდერობას შესაძლოა “სტატისტიკურად მნიშვნელოვანი” ეწოდოს.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა, ისევე, როგორც მაკ კეინი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მან ცალსახად დაგმო და გააკრიტიკა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, რუსეთი და საქართველო სახიფათო კონფრონტაციის წინაშე აღმოჩნდნენ და ამის მიზეზი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კოფლიქტებია.
ობამამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს კუთვნილებას წარმოადგებს, “მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს”. ობამას განცხადებით, ვითარების სტაბილიზაციისთვის ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, პირველ რიგში, რუსეთმა. ობამამ რუსეთს მოუწოდა უარი თქვას აგრესიულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.
თავის დროზე, მან პუტინის პოლიტიკაც გააკრიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. კერძოდ, “რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება დაამყაროს ახლო სამთავრობო და სამართლებლივი კავშირები საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, შეშფოთების საგანია და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისა”.
სხვა საკითხია რა არის ეს, წინასაარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი პოპულიზმით გაჯერებული PR-ის ელემენტები თუ რეალური ფიქრი კავკასიაში სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის?! ფაქტი კი ერთია, დღეს ის პრეზიდენტობის დაწინაურებული კანდიდატია.
|