„ქართული დასი“ შუალედური არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიას დღეს იწყებს.
როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „მედიანიუსს“ განუცხადა, მზადდება ბანერი, რომლის პრეზენტაციაც მოეწყობა. ხვალიდან კი გაიმართება „ქართული დასის“ ვაკისა და დიდუბის ოფისების პრეზენტაცია. ოფისების პრეზენტაციას „ქართული დასის“ აქტივი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე მწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მზადება მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც. როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, უფასო საეთერო დროის გამოყენებისას უპირატესობა მიენიჭება სიის ლიდერს ილია წულუკიძეს, ხოლო დანარჩენი დრო აჭარის ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს თანაბრად გადაუნაწილდებათ.
„აჭარის კანდიდატებს კენჭისყრის ოლქებში კარგად იცნობენ. ჩვენთვის ახლა მთავარია დაიმახსოვრონ №2. მიმდინარეობს სარეკლამო სტრატეგიის დეტალებზე მსჯელობა. ხვალ ეს დასრულდება. წინაპლანზე იქნება დროშა. გადავიღებთ სარეკლამო რგოლებსაც“, - განაცხადა ბაღათურიამ.
იგი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები. „ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან, გარკვეული ზეწოლის ფაქტები ფიქსირდება, რასაც იმედი მაქვს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი დაარეგულირებს“, - განაცხადა ბაღათურიამ.
|