მოსკოვი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტად მოქმედ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ამზადებს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრს სოხუმიდან სარწმუნო წყარომ აცნობა.
წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მალე შესაძლოა დაპირისპირების კერად იქცეს, რადგან კრემლში ინტენსიურად მუშაობენ ბაღაფშის უფრო პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტით ჩანაცვლების საკითხზე. აფხაზურ სეპარატისტულ ისტებლიშმენტში კი ასეთ სახედ რუსები სერგეი შამბას მოიაზრებენ, რომელიც თავიდანვე ცნობილი იყო ქართველების მიმართ აგრესიულობითა და შეურიგებელი პოზიციით.
როგორც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო მიუთითებს, შამბას მოსალოდნელი გაპრეზიდენტების თემა რუსულ პოლიტიკურ წრეებში მზარდად პოპულარული ხდება. ახალგაზრდა, ენერგიული და ქართველების მიმართ არალოიალურად განწყობილი ლიდერი რუსებსაც აწყობთ და აგრესიული სეპარატიზმის მომხრეებსაც აფხაზეთში.
წყაროს ცნობით, მოახლოებული არჩევნების წინ, შესაძლოა სეპარატისტულ ხელისუფლებაში ვითარება დაიძაბოს. გამორიცხული არ არის ბაღაფშისა და შამბას დაპირისპირებამ აფხაზეთში პოლიტიკური კლიმატი რადიკალურად შეცვალოს.
გასული საუკუნის 90-იან წლებიდან შამბა იყო ომის პარტიის ერთ ერთი მედროშე და “სეპარატიზმის რეზერვუარად” ცნობილი ე.წ. სახალხო ფორუმის “აიდგილარას” ლიდერი, რომელმაც ფაქტობრივად იტვირთა აფხაზეთის კონფლიქტის იდეოლოგიური საფუძვლების მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ შამბამ თავის დროზე თბილისში დაამთავრა ასპირანტურა და აქვე დაიცვა დისერტაცია, იგი მაინც პრორუსულ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა და დღემდე სეპარატისტული იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს.
|