პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქციის შექმნის საკითხი უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გია თორთლაძემ განუცხადა. მისი თქმით, შეეცდება საკითხი დღევანდელ ბიუროს სხდომაზეც წარადგინოს, თუმცა თუ ვერ მოესწრო, ინფორმაციას ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ უახლოეს ბიუროს გააცნობს.
პარლამენტში არსებული ერთადერთი ოპოზციური ფრაქცია “ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატები” ორად კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გაიყოფა, რომლის მიხედვით ფრაქციის შექმნა შვიდის ნაცვლად უკვე 6 დეპუტატს შეუძლია.
გაყოფის შემდეგ “ქრისტიან-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი იქნება, მეორე ფრაქციის კი, რომელსაც სავარაუდოდ “ძლიერი საქართველო” ერქმევა - გია თორთლაძე.
ფრაქცია “ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატებში” ამჟამად 12 დეპუტატია - გიორგი თაგამაძე, რომელიც უმცირესობის ლიდერია, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი, რატი მაისურაძე, ნიკა ლალიაშვილი, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პაატა დავითაია, რამაზ თედორაძე და რომან მარსაგიშვილი.
კონსტიტუციაში ცვლილება მესამე მოსმენით პარლამენტმა 10 ოქტომბერს შეიტანა.
|