დღეს ლუქსენბურგში ევროკავშირის სხდომა გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ განიხილება საქართველო-რუსეთის თემა. სხდომაზე სიტყვით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვა. ბერნარ კუშნერი საქართველოში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნობს. კუშნერი ლუქსენბურგში საქართველოში ვიზიტს შეაჯამებს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსული აგრესიის შედეგებს თავად გაეცნო. ბერნარ კუშნერი თბილისს 9 ოქტომბერს ეწვია. ფრანგი დიპლომატი შიდა ქართლში ჩავიდა და ოკუპირებული სოფლებიდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ არსებული ვითარება დაათვალიერა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევნილი მოსახლეობა მოინახულია და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. მოგვიანებით კი , ბათუმში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ , კუშნერმა აღნიშნა, რომ რუსები ნაწილობრივ ასრულებენ პირობას, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება ახალგორის სახით. ”ყველაფერი მიღწეული არ არის. რუსული ძალების ყოფნა ახალგორში ვიცით, რომ პრობლემაა.რუსებმა ტერიტორიის უმეტესობა დატოვეს, თუმცა ისინი რჩებიან ახალგორში და პერევში... სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკებები ჟენევაში,”-განაცხადა ბერნარ კუშნერმა.
ოკუპანტების შესახებ მოხსენებას ევროპა დღეს ლუქსენბურგში მოისმენს, 15 ოქტომბერს კი მოლაპარაკებები ჟენევაში დაიწყება.
|